პაპუაშვილი ევროკავშირის სამიტზე: საქართველო არ უნდა გახდეს პოლიტიკური დისკუსიების მძევალი

კვირაზე ნაკლები რჩება იმ დღემდე, როცა ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველო არ უნდა გახდეს ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიის მძევალი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ქართველმა ოპოზიციონერებმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც ეწინააღმდეგება დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე.
„დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის, არ არის ახალი დისკუსია და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მიუხედავად იმისა, თუ ეს დისკუსია საით მიდის და როგორია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული დამსახურებისა და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტს საერთოდ არ სურს დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დაყენება, რადგან წინასწარ ცხადია, რომ წევრ ქვეყნებს შორის თანხმობა არ იქნება. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი შეიძლება განიხილებოდეს 5-10 წელიწადში, კიევთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების პირობით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
მავნებლები! - მმართველ პარტიაში ორბანის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის გეგმები გახსნა>>
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.