ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში: ბოლო მონაცემები

2023 წელს საქართველოში კორუფციულ გარიგებებში ათობით მაღალჩინოსანია მხილებული
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის 9 თვეში გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 117 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ.
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 9 დეკემბერს გაეროს ეგიდით აღინიშნება, საქართველოს პროკურატურამ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი კორუფციული დანაშაულების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2023 წლის 9 თვის განმავლობაში საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ, აქედან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 78 პირის მიმართ.
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - პრემიერმა ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა >>
კორუფცია გულისხმობს არა მხოლოდ ქრთამის აღებას მაღალჩინოსნების მიერ, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას და საბუთების გაყალბებას სარგებლის მიღების მიზნით.
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება.
World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
საქართველო ასევე იკავებს 41-ე ადგილს 180 ქვეყანას შორის Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ და რეგიონში ამ მხრივ ლიდერის პოზიცია უჭირავს.