თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში აკრძალული ნარკოტიკულ საშუალებათა სიას ოთხი დასახელება დაემატება, ნათქვამია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებში.
კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში მკაცრად აიკრძალება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა, როგორიცაა ბრორფინი, ეუტილონი, მეტონიტაზენი და ნორფენტანილი. ეს ნივთიერებები შეემატება 189 ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიას, რომლებიც უკვე აკრძალულია ქვეყანაში.
აკრძალვა ნივთიერების ნებისმიერ დოზაზე გავრცელდება.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.
ამასთან, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, რომლის დოზაც თითოეულ სახეობაზე ინდივიდუალურად განისაზღვრება, მხოლოდ ჯარიმით ისჯება.
ამასთან, პირადი მოხმარებისთვის მითითებულზე მაღალი დოზის შენახვა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 6 წლით.