თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით კვლავ ლიდერის პოზიცია უკავია და ეს ბრძოლა მომავალში მხოლოდ გაძლიერდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა და ყოველწლიურად 9 დეკემბერს აღინიშნება. 2003 წლის ამ დღეს ხელმოსაწერად გაიხსნა გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენცია.
„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება. წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება მოქმედი მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება.
„ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერმა ასევე ბოლო საერთაშორისო კვლევების შედეგებზე ისაუბრა.
World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.