თბილისის მთავარი ნაძვისხე 15 დეკემბერს აინთება

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
საქართველოს დედაქალაქში წინასაახალწლო მზადება უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" ქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებს. ახალი წლის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გალა-კონცერტი გაიმართება.
„ბოლო წლებში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საახალწლო დღეები დედაქალაქში ყველასთვის ძალიან საინტერესო იყოს. წელს 15 დეკემბერს ავანთებთ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს და ქუჩებში - ყველა საახალწლო ილუმინაციას“, - განაცხადა ბასილაიამ.
მისივე ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი 16 დეკემბერს გაიხსნება, სადაც ყოვედღიურად საშობაო ბაზრობა, ბავშვთა აქტივობები, კონცერტები გაიმართება.
„წელს გვაქვს რამდენიმე სიახლე. კერძოდ, გვექნება ღია ყინულის მოედანი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ უმასპინძლებს ყველა ვიზიტორს. დედაენის ბაღში კი გვექნება ძალიან დიდი სივრცე, ტრადიციულად სანტას სახლთან ერთად და ყველა იმ აქტივობით, რასაც ჩვენი პატარები ელოდებიან“, - აღნიშნა მერის მოდგილემ.
ბასილაიას თქმით, საშობაო სოფელი 7 იანვრამდე მოეწყობა და იქ თავის ნაწარმს 500-ზე მეტი მეწარმე წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ CNN-მა იმ ევროპული ქალაქების სია შეადგინა, სადაც მოგზაურობა საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია. ჩამონათვალში ერთ-ერთი თბილისია.
არ გამოტოვოთ: თბილისი „ჯადოსნური ქვეყნების" ჩამონათვალში მოხვდა>>