მმართველმა პარტიამ მელიას „ნაცმოძრაობიდან" წასვლას კატაპულტირება უწოდა

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიას გადაწყვეტილება იყო კატაპულტირება და კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაცმოძრაობიდან" წასვლისა და ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ მელიამ გუშინ განაცხადა. ნოემბრის ბოლოს ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მან მელია პარტიის რიგებიდან გარიცხა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო გაფორმებული. ხაბეიშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მელიამ და მისმა არცთუ ცოტა მომხრეებმა პარტიაში უარი თქვეს ხელი მოეწერათ ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინციატივა იყო.
„ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა. თან უნდა დავაკვირდეთ ვინ არის ნიკა მელია. ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვა, არ გადავიხდი ჯარიმასო და გადაიხადა, არ შევალ პარლამენტშიო და შევიდა, თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მელია ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს უკუღმა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს მეტად დაშლილია.
„ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან შეჩერება ვარდნის დროს არის შეუძლებელი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ხანგრძლივი კონფლიქტი
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის>>>
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.