მსოფლიო დღეს

IOC-მა რუსი და ბელორუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა: ცნობილია პირობები

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ და მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში შეძლებენ მონაწილეობას.
ამასთან იკრძალება რუსეთთან ან ბელორუსთან და მათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან დაკავშირებული დროშების, ჰიმნების ან რაიმე სიმბოლოების გამოყენება. ორივე ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ აბრევიატურით AIN (Athlete Individuel Neutre; ფრანგულიდან - ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები). მაყურებლებს, ისევე როგორც სპორტსმენებს, ეკრძალებათ ეროვნული სიმბოლოების დემონსტრირება ოლიმპიურ ობიექტებზე.
როგორც აღინიშნება, სპორტსმენები და გუნდების პერსონალი, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ან კავშირი აქვთ რუსეთისა თუ ბელორუსის სამხედრო სტრუქტურებთან, ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.
გარდა ამისა, სპორტულ ღონისძიებას ვერც რუსეთისა და ბელორუსის ხელისუფლებების წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. წესების დარღვევის შემთხვევაში IOC, შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, იტოვებს უფლებას, მოახდინონ სპორტსმენის ან გუნდის პერსონალის წევრის დისკვალიფიკაცია.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.