თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსებას უკრძალავს, მიზნად ისახავს მოჭარბებული ძალაუფლების მქონე პირების საარჩევნო პროცესებზე გავლენის შეზღუდვას და მინიმუმამდე დაყვანას, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
კანონპროექტმა, რომლის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალოთ, მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ უკვე ინიცირებულია. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების საკითხის ახლებურად დარეგულირებაა, რის შედეგადაც იურიდიული პირები პარტიებისთვის თანხის შეწირვას ვეღარ შეძლებენ.
„თუ სადმე იყო სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ იურიდიულ პირებს დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონოდათ (პარტიების - რედ.), პატარა თუ დიდი მასშტაბით ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს შესაძლებლობა ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალსაზრისით არ უნდა ჰქონდეთ იურიდიულ პირებს სწორედ იმ მიზნით, რომ არჩევნებზე არ მოხდეს მოჭარბებული ძალაუფლების მქონე პირების გავლენის რეალიზება", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ხვალინდელი და ზეგინდელი დღისთვის და 2024 წლის არჩევნებისთვის, აღნიშნა მათიკაშვილმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას დეოლიგარქიზაციის გეგმა უკვე გაუგზავნა და მის შეფასებას ელოდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დეოლიგარქიზაციის ახალი მიდგომის განსახორციელებლად არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება ევროკავშირის ერთ-ერთი ახალი მოთხოვნაა საქართველოსთვის.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. ის პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მართვის პროცესში ივანიშვილის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. კეზერაშვილს ასევე „ნაცმოძრაობის“ მთავარ დამფინანსებელს უწოდებენ.
რა იცვლება
მოქმედი კანონის მიხედვით, შემოწირულობად ითვლება პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის პარტნიორები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.
ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კამპანიის/რეფერენდუმის დროს იურიდიული პირის მიერ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე გადარიცხული თანხები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური კეთილდღეობა და მომსახურება აღარ ჩაითვლება საარჩევნო შემოწირულობად.
„შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც თავის მხრივ, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემოწირულობის გამცემი ფიზიკური პირის, ასევე იურიდიული პირის ფინანსების შესახებ, რომელიც აკრძალულ შემოწირულობას ახორციელებს.
კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება ჯარიმა აკრძალული შემოწირულობის ორმაგი ოდენობით.