თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანიები თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეუზღუდავი რაოდენობის რეგულარული რეისების შესრულებას შეძლებენ და მეზობელი ქვეყნის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მომსახურებას გამოიყენებენ, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
გადაწყვეტილება საქართველოს და თურქეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენელთა წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ მოქმედი შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.
აქამდე რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაპიზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი.
რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმათულებით აქვთ.
სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (#ican2023) ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.