სტიმული ბიზნესისთვის – მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე

საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დიდი სტიმულია მეწარმეებისთვის, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ თბილისში ჩინური საქონლის გამოფენის გახსნაზე.
საქართველო-ჩინეთის („სინძიანია") პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა 6-8 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ჩინეთის სინძიანის რეგიონში წარმოებული პროდუქცია: ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ხილის წვენები, მშრალი ხილი, სუნელები, ტექსტილი და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია, სასუქები და სხვა.
„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მეწარმეებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს. ამასთან, იგი ზრდის საქართველოში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას", - განაცხადა ნოზაძემ.
ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობები, მან წარმატებები უსურვა გამოფენის მონაწილეებს და საქმიანი კავშირების დამყარებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.
„ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი მეწარმეები ჩინეთის ყველა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, რაც კავშირების გამყარებას უწყობს ხელს. აღნიშნული გამოფენა ასევე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ისე სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ნოზაძემ.
უწყების ცნობით, გამოფენის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩინეთის სინძიან-უიგურის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მეთაურის მოადგილე კაიზაიერ აბუდუკერემუმ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენიმ.
აღინიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ძალიან ძლიერი საფუძველი არსებობს. „აბრეშუმის გზით" დაწყებული მეგობრობა, დღეს უკვე ახალ სიმაღლეებს აღწევს.
ჩინეთის ელჩი: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაში დავეხმარებით>>>
მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ინიციატივით - „ერთი სარტყელი ერთი გზა“ შექმნილი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, ორმხრივი კავშირების გაღრმავებას, რაც ბიძგს აძლევს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას, აღნიშნულია განცხადებაში,
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთს საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს - ელჩი>>>
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. 2022 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.
ჩინეთმა 2013 წელს განაცხადა ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის „ერთი გზა – ერთი სარტყელი" შესახებ, რომელიც ევრაზიის ქვეყნების ინფრასტრუქტურის შექმნისა და კავშირების დამყარებისკენ არის მიმართული. სტრატეგია განვითარების ორ მიმართულებას მოიცავს – აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და აბრეშუმის საზღვაო გზას. საუბარია სავაჭრო დერეფნის შექმნაზე შეღავათიან პირობებში საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში.
„აბრეშუმის გზის" განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო განშტოება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.