თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანი საქართველის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებებს უსურვებს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
„რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, ჩვენ გვესმის ეს და საქართველოს ამ მიმართულებით წარმატებებს ვუსურვებთ. ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს მოვლენების ახლებურად განვითარებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებით დასკვნას. ვუსურვებ საქართველოს წარმატებებს", - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ორი ქვეყნის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება.
„პირიქით, ჩვენ ევროკავშირში გვეყოლება ახლო მეგობარი, რომელიც ჩვენ დაგვიცავს", - განაცხადა ალიევმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არის მჭიდრო თანამშრომლობა, რასაც მოწმობს როგორც მისი ხშირი ვიზიტები საქართველოში, ისე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები აზერბაიჯანში.
„საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა უფრო ფართოა, ვიდრე ენერგეტიკული თანამშრომლობა. შესაბამისად, ამ თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება ევროპის წინაშე წარმოვჩენილიყავით სტრატეგიული მნიშვნელობის კონსოლიდირებულ გუნდად", - განაცხადა ალიევმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
აზერბაიჯანთან ურთიერთობები
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და 3 მილიონ მგზავრამდე.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.