საქართველოში საპენსიო სესხების რეკლამა აიკრძალა

ცვლილების მიზანია დაიცვას ე.წ მოწყვლადი ჯგუფები გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ცვლილების მიზანია დაიცვას ე.წ მოწყვლადი ჯგუფები გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე უფრო ადაპტირებული გარემოს შექმნას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას.
„ჩვენ ვაზღვევთ პენსიონრებს და სოციალური შემწეობის მიმღებებს ჭარბვალიანობისგან. ამიტომ ბანკებს მივეცით მითითება, აღარ გამოიყენონ რეკლამა ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიც არის პენსიით უზრუნველყოფილი ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხი“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
თურნავას განმარტებით, მარეგულირებელმა გაითვალისწინა მიმართვები, რომლებიც შედის ეროვნულ ბანკში მომხმარებლებისგან. ადამიანები ჩივიან, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებას იღებენ გაუცნობიერებლად, შესაბამისი ინფორმაცია მათთვის ბოლომდე მიწოდებული არ არის.
„ეს არის შესაძლებლობა, რომ მოწყვლადი მომხმარებელი, მათ შორის პენსიონერი, მეტად დავიცვათ გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან, მივცეთ საშუალება, მეტი ინფორმაცია მოითხოვოს ბანკისგან, ვიდრე აიღებს პენსიით უზრუნველყოფილ სესხს და ჭარბვალიანობისგან დავიცვათ“, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.
პენსიონრებისა და სოციალურად დაუცველების ბანკის ვალები - ახალი ინფორმაცია >>
მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, პენსიების გამცემ „ლიბერთი ბანკში“ (Liberty Bank) კრედიტი თითქმის 354 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა, რაც ჯამში 400 მილიონ ლარს აჭარბებს.
კრედიტის ქვეშ იგულისხმება პენსია ან სოციალური დახმარება, რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გატანილი.
კრედიტის საშუალო ოდენობა 1100 ლარს შეადგენს, პენსია კი 340 ლარს შეადგენს.
2023 წლის იანვრიდან Liberty Bank-მა პენსიონრებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 26 პროცენტამდე შეამცირა, მაგრამ ეს არ შეეხო 2023 წლის იანვრამდე აღებულ კრედიტებს.