მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

მედეა ამირანაშვილი დედის - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
მისი გარდაცვალების შესახებ 2 დეკემბერს გახდა ცნობილი.
ლეგენდარულ მომღერალს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის შენობაში გამოემშვიდობნენ, სადავ მისი დებიუტი შედგა 69 წლის წინ.
ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დედის - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს.
მედეა ამირანაშვილი (ლირიკული სოპრანო) დაიბადა 1930 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში საოპერო მომღერლებისა და სახალხო არტისტების - პეტრე ამირანაშვილის და ნადეჟდა ცომაიას ოჯახში.
1953 წელს მედეამ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1950-იან წლებში იყო კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
პრემიერ-მინისტრმა მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა>>
მისი კონცერტები იმართებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთსა და კანადაში.
მედეა ამირანაშვილის ვოკალური პარტიებიდან განსაკუთრებით ცნობილია შემდეგი პერსონაჟების პარტიები: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი" და „აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია"), ლელა (ლაღიძის „ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო"), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი" და „ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური" და „ტრავიატა"), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი") და სხვა.
გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის (მე-2 პრემია, 1960) და მადამ ბატერფლაის პარტიის საუკეთესო შესრულების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მე-3 პრემია, 1970, ოსაკა).
1972 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში (1982 წლიდან - პროფესორი).