„აწარმოე საქართველოში“: პროგრამის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვა წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დადებითი დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით წარმატებებს აღწევს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
„აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულება ნამდვილად წარმატებული იყო, 2020-2023 წლების სტრატეგია კი ნამდვილად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ინვესტიციების მოზიდვაა. ზოგადად, ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი აქვს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - 2022 წელს მათმა მოცულობამ 2,098 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება - პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფია უცხოური ინვესტიციების როგორც სექტორული სურათი, ისე გეოგრაფია.
„ბევრი სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენი ინვესტიციების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ერთ ქვეყანასთან არ არის დაკავშირებული. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 50%-მდე, ანუ თითქმის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, შემდგომში არის ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ასევე „აწარმოე საქართველოს“ Invest in Georgia-ს გუნდის დამსახურება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რომ სამინისტროს საინვესტიციო საქმიანობა და 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელება წარმატებული იყო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გაწეული სამუშაოს ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ოპერირება დაიწყეს უმსხვილესმა საერთაშორისო კორპორაციებმა, როგორიცაა ქიმიური წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Indorama, მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები - TEPCO, MASDAR და სხვები.
მისი თქმით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დადებითი დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელები რამდენიმე წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
დიდი ბრიტანეთის კომპანია საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდა >>
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ. რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
ბოლო ექვსი თვის პერიოდისთვის ინვესტიციების მოცულობით ქვეყნების ხუთეულში შედიან დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, იაპონია და რუსეთი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.