თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი პოლიციელია

თავდამსხმელი დაკავებულია, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 40 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ერთ-ერთი დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ მურადაშვილის განცხადებით, დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება დაჭრილ მოქალაქეს, ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ასევე უტარდება ოპერაცია.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.