თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა, 41:0 დაამარცხა - ქართული ფრენჩაიზი ზედიზედ მესამედ ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ფინალში „შავი ლომის“ მეტოქე „თელ-ავივ ჰითი“ გახდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში რუმინულ „ვულვზს“ ანგარიშით 31:6 სძლია.
მანამდე კი, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში სადებიუტო მატჩს გამართავს თბილისში, ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ. ამის გამო ევროპის სუპერთასის ფინალის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.
მიმდინარე წლის ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.
ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ანგარიშით 17:14 მოუგეს.