თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება როგორც კოორდინაციის, ისე სერვისების მიწოდებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველომ გაეროს კომიტეტს შშმ პირთა უფლებების ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც კომიტეტმა სახელმწიფოს მიმართ გასცა რეკომენდაციები.
საჯარო დაწესებულებები, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განაგრძობენ ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებას და აღსრულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად.
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ყველა ფუნდამენტურ უფლებასა და თავისუფლებას, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე.
„ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტით გათვალისწინებულია ამოცანები, რომლებიც შშმ პირთა თანასწორობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, კერძოდ − ხაზგასმულია შშმ ქალთა და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა საჭიროებები და გამოწვევები.
უწყების ცნობით, სახელმწიფო განაგრძობს თავიანთ მოქალაქეებზე ზრუნვას და მათთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მეორე (მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები).