საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა - ბოლო ინფორმაცია

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ქვეშეთი–კობის ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ 2024 წლის თებერვალში დასრულდება, შემდეგ კი გვირაბში კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ "საცობში" დგომა.
„შთამბეჭდავი პროცესია ამ ისტორიული პროექტის 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები, სადაც მომდევნო წელს დაიწყება ელექტრო, მექანიკური, უსაფრთხოების და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემების მონტაჟიც. პარალელურად, იჭრება სათადარიგო საევაკუაციო გვირაბი, გრძელდება მისასვლელი გზის, ხიდების მშენებლობაც”, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის 5 გვირაბიდან უკვე გაიჭრა 2 გვირაბი, ხოლო ყველაზე გრძელი - 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი უკვე 8 კმ და 100 მეტრზეა გაჭრილი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება დანარჩენ გვირაბებსა ხიდებზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს.
რეგიონალური განვითარების მინისტრმა სამუშაოების მსვლელობა ადგილზე გააცნო აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს ევგენი ჟუკოვს, რომელმაც გვირაბის მშენებლობის პროექტს ერთ-ერთო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი უწოდა, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა
რა ეტაპზეა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა >>
ქვეშეთი–კობის გზის პროექტი ხორციელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობით, აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკების მხარდაჭერით. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი–კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი (TBM) დანადგარით წარმოებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 90%.
საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა იქნება.
მთლიანობაში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა.
ახალი გზის მეშვეობით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
ზამთარში აღარ შეიზღუდება სატრანზიტო მოძრაობა, გაიზრდება ტვირთბრუნვა, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიჭრა>>
ახალ გზაზე დაცული იქნება გადაადგილების უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი და შემცირდება გადაადგილების დროც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება (ზამთარში უფრო მეტიც) და ზვავსაშიშროებიდან გამომდინარე ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.
ამას გარდა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გახდება, ხოლო თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.