სამ სამედიცინო დაწესებულებას საქმიანობა აეკრძალა - მიზეზები

დაწესებულებები ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ფსიქოტროპული მედიკამენტების ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის-3“-ის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.
ამ სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მიმდინარე წელს სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების 3.457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანიშნულების გაცემისას არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი.
„ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ელექტრონული რეცეპტით ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია გამკაცრდა >>
უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.
ამ დაწესებულის სამ ექიმს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა.
„მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და სამ ექიმს საქმიანობა აუკრძალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.