თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამ ეტაპზე ჩინეთში მიკოპლაზმური პნევმონიის გავრცელებას ახალი პანდემიის წინაპირობად არ მიიჩნევს, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა ქვეყანაში რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდის შესახებ განცხადება გაავრცელეს. ჩინეთის ხელისუფლებამ შემთხვევების ზრდა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნით და ცნობილი პათოგენების, მათ შორის გრიპის, მიკოპლაზმური პნევმონიის და COVID-19-ის ცირკულაციით ახსნა.
„ვაკვირდებით სიტუაციას. მიკოპლაზმური პნევმონია არის ის, რასაც ჩვეულებრივ ზამთარში ვხვდებით, მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და მკაფიოდ არის გამოვლენილი ბევრ ქვეყანაში. და ისევ, ვაკვირდებით სიტუაციას და ვაძლევთ რჩევებს მკურნალობასა და სხვა საკითხებზე. ამჟამად ჩვენ არ განვიხილავთ მათ, როგორც პანდემიის პოტენციალის მქონეს”, – ჰარისის სიტყვებს ციტირებს РИА Новости.
პარასკევს, საფრანგეთის ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორატმა აცნობა სამედიცინო დაწესებულებებს ქვეყანაში მიკოპლაზმური პნევმონიის შემთხვევების „უზვეულო ზრდის" შესახებ, ჩინეთში პნევმონიის გავრცელების შესახებ ცნობების ფონზე.
„როსპოტრებნადზორის" პრეს-სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ ჩინეთში, კონკრეტულად კი პეკინსა და ლიაონინის პროვინციაში, ძირითადად ბავშვებში, ფიქსირდება პნევმონიის შემთხვევების ზრდა. პნევმონიის მთავარი მიზეზი არის მიკოპლაზმა, რომლითაც ავადობის ზრდა ადრეც დაფიქსირდა, განმარტეს უწყებაში.