თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას საგამოძიებო უწყება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 28 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს, 35 წლის ქალს და მის მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმები დაშავებულის მდგომარეობას სტაბილურად, თუმცა მძიმედ აფასებენ.
უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.