თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2024 წელს უპრეცედენტო დონეს - 2,5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა.
გიორგი ამილახვარი პარლამენტის სხდომაზე მინიტრის საათის ფორმატში წარდგა. მინისტრმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებამ 2023 წელს 2,08 მლრდ ლარი შეადგინა.
მინისტრის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626,8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი 300%-ით გაიზრდება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და სწორედ ამის ნათელი დასტურია განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად ქვეყნის პარლამენტს 1 დეკემბერს წარუდგენს.