თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. რვაბალიანმა შტორმმა და ქარმა, რომლის შესახებაც სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ბათუმის, ქობულეთისა და ფოთის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ბათუმში შტორმმა დააზიანა ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა. წვიმის შედეგად დაიტბორა ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.
ქობულეთში შტორმმა და ძლიერმა ქარმა თითქმის მთელ პერიმეტრზე დააზიანა თამარ მეფის სანაპირო და ზღვისპირა ახალი ბულვარის საპლაჟო ინფრასტრუქტურა - განსაკუთრებით დაზიანდა თამარ მეფის სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები და საცხოვრებელი სახლები.
გვიან ღამემდე სამაშველო ჯგუფებსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი ჰქონდათ სანაპირო ზოლი და ქვეითებისა და ავტომობილებისთვის გადაადგილება შეზღუდული იყო.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. დაზიანებულია სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც.
მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან.