თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს, იუწყება „პირველი არხი".
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
ცვლილებების მიზანია ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება მათი სპეციალური პირობებით შეძენის გზით.
გაბუნიას განცხადებით, ამ გზით შესაძლებელი გახდება მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.
საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.