საფრანგეთში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს

დაკავებულები 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, არანაკლებ 36 ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილები.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი– Sputnik. საფრანგეთის ჟანდარმერიამ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში, ჟირონდაში, ათობით ქურდობისთვის ხუთი ქართველი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით.
ქურდობის ფაქტები ძირითადად ბორდოს რაიონში ხდებოდა. დაკავებულები 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სულ ცოტა 36 ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციამ 250 მოპარული ნივთიც აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა ძვირფასეულობა იყო, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, ტელეფონები და სათვალეები.
ხუთივე ქართველი ჟანდარმერიის ორმა სამეთვალყურეო და ინტერვენციულმა რაზმმა (PSIG) რამდენიმე კვირის გამოძიების შემდეგ დააკავა.
„ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან", - განმარტა ესკადრილიის ლიდერმა რომენ რენომ გამოცემა Le figaro-სთან საუბარში.
საბერძნეთში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს>>
ვიდეოთვალთვალის სისტემით შესაძლებელი გახდა ავტომობილის იდენტიფიცირება. აქტიური მეთვალყურეობის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ქურდობების უკან ხუთი ქართველი დგას.
„ისინი ძალიან სწრაფები არიან, სძინავთ თავიანთ მანქანაში და შეუძლიათ რამდენიმე ქურდობის ჩადენა იმავე საღამოს," - განაცხადა საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ხუთი ბრალდებული ქართველი საფრანგეთში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი ბორდოში 21 დეკემბერს გაიმართება.