აჭარაში მანდარინის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

მიმდინარე წელს ციტრუსების სამრეწველო გადამუშავებაზე სუბსიდიები გაორმაგდა.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. აჭარაში მანდარინის მოსავლის აღება დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის –ექსპორტზე უკვე გატანილია 3,7 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
„რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3,7 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.
მან ასევე ისაუბრა მთავრობის მხრიდან ადგილობრივი ფერმერების დახმარებაზე არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციაში. წელს ციტრუსების სამრეწველო გადამუშავებაზე სუბსიდიები გაორმაგებულია.
კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ 1 კილოგრამ მანდარინს 0,20 ლარად შეიძენენ, სახელმწიფო სუბსიდიის სახით 0,30 ლარს მიიღებენ ადრინდელი 0,15 ლარის ნაცვლად.
აჭარაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისთვის სუბსიდიის ოდენობა გაორმაგდა>>
25 ოქტომბერს რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.