ალეკო ელისაშვილმა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას გარიცხვის გამო გააკრიტიკა

რაც უფრო ნაკლები ადამიანი დაუჭერს მხარს „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის, მიაჩნია დეპუტატს
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. „არავის გავუშვებ ჩემი პარტიიდან ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მის წინამორბედ ნიკა მელიას მოექცა“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა.
იმის შესახებ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 26 ნოემბერს განაცხადა და ჟურნალისტ ვახო სანაიას ეს წერილობით დაუდასტურა. მეორე დღეს, ორშაბათს, პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ მელია ენმ-ის წევრი აღარ არის და ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა.
„არასოდეს არავის ისე არ მოვექცევი, როგორც ხაბეიშვილი მელიას მოექცა. პარტიიდან ასე არავის გავუშვებ. რაც ვიხილეთ, ღირსეული საქციელი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, რაც უფრო ნაკლები ადამიანი დაუჭერს მხარს „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის.
„ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს როგორც ლანძღავენ, არ მომწონს, თუმცა ის მომწონს, რომ ეს პარტია რაც უფრო მეტად დაკარგავს მხარდაჭერას, მით უკეთესი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ელისაშვილმა.
პარტიიდან მელიას გარიცხვას წინ უძღოდა მელიასა და მისი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე. მანიფესტი ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი>>
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ხატია დეკანოიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადატრიალება მოხდა>>
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.