თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ იმ ქვეყნების სია შეადგინა, რომელთა ექიმები საქართველოში სამედიცინო საქმიანობის განხორციელებას სპეციალური გამოცდების გარეშე შეძლებენ, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
ბრძანების თანახმად, საქართველოში მუშაობა დამატებითი გამოცდების გარეშე შეუძლია ექიმებს, რომლებმაც სამედიცინო საქმიანობის უფლება მიიღეს ევროკავშირის ქვეყნებში, ავსტრალიაში, კანადაში, ისლანდიაში, ისრაელში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში.
ასეთ ექიმებს მუშაობის დასაწყებად მხოლოდ საქმიანობის ნებართვის დედანის და ქართულ ენაზე დაწერილი განაცხადის წარდგენა დასჭირდებათ.
გარდა ამისა, ხუთწლიანი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში გამოცდების გარეშე საქართველოში მუშაობას შეძლებენ ექიმები, რომლებმაც მიიღეს სამედიცინო პრაქტიკის უფლება ევროკავშირის ქვეყნებში, სან-მარინოში, ანდორაში, მოლდოვაში, ალბანეთში, უკრაინაში, მაკედონიაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთში, მონაკოში, მონტენეგროში, ბელარუსში და ჩინეთში.
მათ ასევე უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების დედნები და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი.
აქამდე ყველა ექიმს, ვისაც მედიკოსად მუშაობის უფლება საზღვარგარეთ ჰქონდა მიღებული, სპეციალობის დასადასტურებლად გამოცდების ჩაბარება ქართულ ენაზე უწევდა.