ნუ გაჩუმდებით - ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა

საუბარი ამ თემაზე - ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა, აღნიშნა დიპლომატმა
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემთხვევაში პოლიციისათვის მიმართვის აუცილებლობის შესახებ შეახსენა.
საქართველო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას, სწორედ ამას უკავშირდება ელჩის განცხადება.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.
„დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი: ნუ გაჩუმდებით! ეს არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში, ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.
მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად, აღნიშნა მან.
ბრძოლა ოჯახურ ძალადობასთან
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.
გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.