ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან აჭარულ კულტურას, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ხელოვნებას
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ევროპის მოედანზე 25 ნოემბერს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან აჭარულ კულტურას, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ხელოვნებას.
ფესტივალის სივრცეს წელს „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ცნობილი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს.
ფესტივალზე მოეწყო სპეციალური გასტრონომიული კუთხე, სადაც სტუმრები ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და რეცეპტებს გაეცნობიან. ჩატარდება ასევე კულინარიული კონკურსები.
ფესტივალზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, „აფხაზეთი“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“ და „მგზავრები“.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.