თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მთავრობის მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილი ბაქოში საპატიო სტუმრის სახით მონაწილეობს ეკონომიკურ ფორუმში „გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“ (SPECA).
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის გამოსვლაში პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ძლიერ არის დაინტერესებული ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით.
პრემიერის თქმით, ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ძალზე დადებითია.
მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, 2023 წლის 10 თვეში ასევე 16%-ით და შეადგინა 1,2 მლრდ აშშ დოლარი.
„ასევე ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, საქართველოს მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა შეძლო პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის დადებითი მონაცემები მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ქვეყნის მშპ–ის ზრდამ 10%–ს გადააჭარბა.
„ ეს ტრენდი შენარჩუნებულია წელსაც, 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი - 1%-ზე ნაკლები. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება 8.000 აშშ დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო სამ წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8.500 აშშ დოლარზე მეტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. მან ასევე დასძინა, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან
„ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ამოქმედდა თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ–ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, თურქეთთან.
„მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა აღნიშნა თავისი წარმატებული ვიზიტი ჩინეთში მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც მხარეებმა ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანეს.
„[ჩინეთთან] სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო განამტკიცოს პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც ყველა ქვეყანას მეტ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს.