თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 1–ლი დეკემბრიდან ტურისტებს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და მალაიზიიდან ჩინეთში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ, განაცხადა ბრიფინგზე პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა.
ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ჩინეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, იშვიათი გამონაკლისია სინგაპური და ბრუნეი, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ ჩინეთში 15–დღიანი ვიზიტი უვიზოდ ბიზნესის, ტურიზმის მიზნითა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.
„2023 წლის 1–ლი დეკემბრიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებს აღნიშნული ქვეყნებიდან, რომლებიც ჩინეთში ჩამოდიან ბიზნესის, ტურიზმის მიზნით, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად, ასევე ტრანზიტით არაუმეტეს 15 დღისა, ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ“, – განმარტა მაო ნინმა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა, საცდელი წესით გააფართოვოს ცალმხრივი სავიზო რეჟიმის გამოყენების სფერო და დაიწყოს უვიზო პოლიტიკა ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ადამიანების მიმართ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და მალაიზიიდან.
ჩინეთმა ვიზიტების წესები 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაამკაცრა. ქვეყანამ ვიზების გაცემა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.