ქართული თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა – ახალი მონაცემები

თხილისა და კაკლის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნები გახდა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტმა 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში 66,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%–ით ნაკლებია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თხილი საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა – 70%–ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
თხილისა და კაკლის ექსპორტი 2019–2023 წლები, 10 თვე

წელი

მლნ დოლარი

2019

45,7

2020

68,2

2021

90,0

2022

75,3

2023

66,3

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში თხილისა და კაკლის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნები იყო. გარდა ამისა, ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საუდის არაბეთი, ბელარუსი, არგენტინა, მაროკო და სხვ.
ქართული თხილისა და კაკლის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული

ქვეყანა

მლნ დოლარი

იტალია

12,3

გერმანია

8,5

თურქეთი

6,4

ესპანეთი

4,9

სომხეთი

3,7

დარგის გამოწვევები
2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
როგორც ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.
ფასი ხარისხზეა დამოკიდებული - შამუგია მეთხილეობის პრობლემებზე>>
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. შამუგიას თქმით, მიზნობრივი პროგრამა ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
ფინანსური დახმარების მისაღებად მეთხილე ფერმერებს თხილის ბაღები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში უნდა დაერეგისტრირებინათ, მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.
რა უშლის ხელს საქართველოდან სურსათის ექსპორტზე გატანას>>
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, მის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.
რა უპირატესობა აქვს თხილის მწარმოებლებისთვის ახალ პროგრამას>>
საქართველოს ბრძოლის მეთოდი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად აღიარეს მსოფლიოში და ახლა ქვეყანა თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს