თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული წესით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა.
„ცვლილების მიზანი მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია“, - განაცხადა მინისტრმა.
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.
2023 წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება.