თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დედაქალაქს არ შეეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტის შემუშავება დაავალა, რომელიც დაახლოებით ერთ მილიონ მოქალაქეს შეეხება.
საუბარია კერძო მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ნაგებობებზე. მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.
„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში", - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა.
„ამ ხნის განმავლობაში მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, კალაძის განმარტებით ის მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც.
„მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო.