თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადება ადასტურებს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში სახიფათოა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელია, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ალასანიამ აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დემოკრატიასაც აქვს თავისი ცუდი თვისებები. მან ამის მაგალითად დაასახელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემა - როდესაც ლაპარაკია, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ, „რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?", განაცხადა მან. ალასანიას თქმით, ის ამჯობინებს გაყოფილ, გახლეჩილ, ერთმანეთს დატაკებულ საქართველოს, რადგან „ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები".
„ის (ალასანია - რედ.) უბრალოდ თავისი ახალი განცხადებებით და გამონათქვამებით ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ არამც თუ მისი ოჯახის წევრების, უფრო ფართოდ „ნაცმოძრაობის“ და მსგავსების დაბრუნება ხელისუფლებაში, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია“, - განაცხადა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ ალასანია ცნობილია თავისი მავნებლური ქმედებებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, მტრობას საკუთარი სამშობლოს მშვიდობიანი, სტაბილური აწმყოსა და მომავლისადმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკურად, რათა ამ ადამიანებს ქვეყნის ბედის მართვაში არავითარი ბერკეტი არ ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ძალიან, ძალიან საშიშნი არიან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვინ არის დღეს თემურ ალასანია, გარდა იმისა, რომ ის სააკაშვილის ბიძაა, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მედიის ცნობით, ის ბიზნესით არის დაკავებული. წარსულში, როგორც თავად ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს, ის 24 წლის განმავლობაში მუშაობდა გაეროში, განიარაღების საკითხებზე. ალასანია უარყოფდა, რომ მას სერიოზული გავლენა ჰქონდა სააკაშვილზე.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მომხრეა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მიზანი უახლოეს მომავალში რეალობა გახდეს.