ჯანდაცვის სამინისტრო: მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება

DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში 1.222 ლარით განსაზღვრა.
„დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს", -ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.
„ასევე ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა.
ცვლილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG - Diagnostic Related Group) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა მშობიარობასა და საკეისრო კვეთას შეეხება>>
DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის.
რა არის DRG?
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". ესაა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მკურნალობის ცალკეული შემთხვევისთვის გარკვეულ, ფიქსირებულ თანხაში გამოიხატება.
თუ ადრე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი გახდა. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.