თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უარყო ინფორმაცია მისი შესაძლო პრემიერობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობის ღირსეული მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის სახით, ხოლო თავად კალაძეს თავის პოსტზე 2025 წლამდე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დასამთავრებელი.
20 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამზადებს კახა კალაძეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისთვის, ხოლო ვიცე-პრემიერში, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემცვლელს ხედავს.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტები გვაქვს დაწყებული, რასაც რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატურას, კალაძის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია.
„სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს ხოლმე, რომ საკუთარი ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება თავის დროზე ყველაფერს შეიტყობს, „სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მის მემკვიდრეს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის შემადგენლობაში შევლენ ის პარტიები, რომლებიც მომავალი წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერს გადალახავენ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.