თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ კონტინენტური პირველობის გამარჯვებული გახდა.
10-დან 18 ნოემბრის ჩათვლით პრაღაში 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მასში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი და შვეიცარია.
ქართველმა მორაგბეებმა ფინალამდე გზა დამაჯერებლად გაიარეს. გადამწყვეტ მატჩში უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და შესვენებამდე ორი ლელო დადეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 14:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში სურათი დიდად არ შეცვლილა. ქართველ მორაგბეებს უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ გატანას, პორტუგალიელებმა კი ერთი პენალტი შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს.
მატჩის დასკვნით ნაწილში პორტუგალიის ნაკრები ცდილობდა თამაშის გადარჩენას, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დასაჯა და მორიგი გარდასახვა შეასრულა.