თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებით ბათუმის ევროპის მოედანზე 25-26 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორი დღის განმავლობაში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.
„წელს ფესტივალ „განდაგანას“ ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აჭარული რეწვის სივრცეს წელს „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.
ფესტივალზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, „აფხაზეთი“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“ და „მგზავრები“.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.