თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა მოქალაქის უფასოდ აცრას განაგრძობს, ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
16 ოქტომბრიდან გრიპის უფასო ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის იყო შესაძლებელი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის უფასო ვაქცინაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. უწყებამ უფასო ვაქცინაციის პროცესის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
კერძო კლინიკებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 50 ლარი ღირს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა ჰოლანდიური კომპანია Abbott Biologicals B.V-სგან შეიყიდა. ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის რეკომენდებული.
შეძენილი ვაქცინა გრიპის ვირუსის იმ შტამებისგან შედგება, რომლებიც მოსალოდნელია ამ სეზონზე. მისი გაკეთება ექვსი თვის და უფროსი ასაკის ყველა მოქალაქეს შეუძლია.
ვაქცინა იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებშია ხელმისაწვდომი, მათი სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ფრთხილად: გრიპი!
© Sputnik
მანამდე „Sputnik-საქართველოსთან" საუბარში იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ვირუსის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა ქვეყანაში მოსალოდნელზე ადრე - სექტემბრის ბოლოს.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.