თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს არაბული კომპანიის კუთვნილი 11 მილიონი ლარის უკანონო მითვისებისთვის 10–10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ბრალდებულებმა 2021–2022 წლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი თანხის მოტყუებით მითვისების მიზნით, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს.
ამის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს.
ამ გზით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითურად დიდი თანხის მითვისებაში პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებაში და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში.