საქართველოს მთავრობის სხდომაზე აბორტები და დემოგრაფიული პრობლემები განიხილეს

სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგ სხდომაზე აბორტებთან დაკავშირებული საგანგაშო სტატისტიკა განიხილეს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ნოემბერში აბორტების ჩატარების დამატებითი წესები შემოიღო. ქვეყანაში აბორტები კვლავ დაშვებულია. ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია 12 კვირამდე, ხოლო სამედიცინო და სოციალური ჩვენების არსებობის შემთხვევაში - 22 კვირამდე.
საქართველოში აბორტების წესები იცვლება: დეტალები >>
როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას.
სხდომაზე უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს.
მთავრობის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფი უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს.
საქართველოში 2022 წელს შობადობა წინა წელთან შედარებით 7,9%-ით შემცირდა - გასულ წელს 42319 ბავშვი დაიბადა.