საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს - კობახიძე

კობახიძე მიიჩნევს, რომ მცირე პარტიები 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არა მხოლოდ სოლიდური გამარჯვების მოპოვებას შეძლებს, არამედ გაზრდის წარმომადგენლობას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გამოკითხვის შედეგებით, შემდეგ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" რესპონდენტების 25% მისცემდა ხმას. მეორე ადგილზე 13%-ით გავიდა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მესამე ადგილზეა 4%-ით ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის".
„ნაცმოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული, სხვა ვერცერთი პარტია ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას... აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მანდატების რაოდენობა თვისობრივად გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმრავლესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. „ნაციონალური მოძრაობის“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
კობახიძე მიიჩნევს, რომ მცირე პარტიები ბარიერს ვერ გადალახავენ, რადგან ისინი რეალურად არც არიან პოლიტიკური გაერთიანებები.
„ესენი პოლიტიკური კლუბები არიან, რომლებიც რამდენიმე კაცისგან შედგება. პოლიტიკური კლუბი, რა თქმა უნდა, ვერასდროს გადალახავს 5%-იან ბარიერს. თუ შენ ხარ პარტია, ამ შემთხვევაში, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გიჭირს. არსებითად ეს არის სურათი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების რეიტინგების საიდუმლოს ფარდა ახადა>>
„ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე პარტიებს „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს. თავად ეს პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან" კოალიციას გამორიცხავენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის კვლევას, კობახიძემ ყველას ურჩია გაიხსენონ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ - არა, ქართულ საზოგადოებას.
„IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება შეეშალოთ - როდესაც 12 წლის განმავლობაში გეშლება, ლოგიკურია, რომ შეიძლება, მე-13 წელსაც შეგეშალოს - ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი არჩევნების შედეგებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
გამოკითხვის შედეგებით, „სტრატეგია აღმაშენებელს" 3% აქვს, ამდენივე აქვს პარტია „გირჩს" (იაგო ხვიჩია).
ორ-ორი პროცენტი აიღეს პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ლეიბორისტული პარტია", „მოქალაქეები", „ხალხისთვის". 1% აქვს „ხალხის ძალას", „ალტ ინფოსა" და „პატრიოტთა ალიანსს". „ევროპულ საქართველოს 1 პროცენტზე ნაკლები აქვს. 1% დააგროვეს დანარჩენმა პარტიებმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
განახლებული რეიტინგები
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%.
საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა - კალაძე კვლევის მცდარ მონაცემებზე>>
მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ პარტიების - „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის" კოალიცია.
გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.