თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ეკონომიკური რეფორმების პირველი პაკეტის შემუშავება დაიწყო, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
„საქართველო ამჟამად პირველად ამზადებს ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტს ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის ESA 2010 აღრიცხვის სტანდარტთან საქართველოში მოქმედი IMF-ის GFSM 2014-ის აღრიცხვის დაკავშირებაზე; გრძელდება მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმაზე.
რაც შეეხება საგადასახადო სისტემას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სისტემა წლებია წარმატებით ვითარდება ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალური თავსებადობის პრინციპით და მეტწილად, ჰარმონიზებულია, მათ შორის, დღგ-ის და დიდწილად აქციზის ნაწილში, კვლავ გრძელდება მუშაობა ფისკალური ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიზნით.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.