თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა.
აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უახლესი სისტემის დანერგვაში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ 150 ათას ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდ EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.
ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ.
„ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თვითრეგისტრაციის ჯიხურების მწარმოებელი ფრანგული კომპანია EASIER მსოფლიო მასშტაბით მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მრავალფეროვანი სერვისებით უზრუნველყოფს როგორც საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ოპერატორებს, ისე საჯარო ინსტიტუციებს.
თბილისის აეროპორტი საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან ერთად.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.