რა ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

დიაბეტის მქონე ბავშვებს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს უსასყიდლოდ გადასცემენ
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ახორციელებს დიაბეტის მართვის პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი მდგომარეობის მონიტორინგი, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World Diabetes Day) ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება. დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის შემთხვევების გახშირების საპასუხოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ 1991 წელს შემოიღეს.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას;
სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას;
შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, კვლევებსა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას
ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, კვლევებსა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.
გლუკოზის მონიტორინგის სისტემების მისაღებად დიაბეტის მქონე ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო >>
2022 წლიდან სახელმწიფომ დიაბეტის მართვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თბილისის გარდა, დიაბეტის ვაუჩერული სერვისის მიღება უკვე შესაძლებელია გორში, ქუთაისში, ბათუმში, გურჯაანსა და მარნეულში.
2022 წლიდან ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) უფასოდ გადაეცემა.
გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი CGM – დიაბეტის ეფექტური მართვისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიაა, რომელიც გლუკოზის დონის ცვლილებებს სადღეღამისო რეჟიმში აკონტროლებს. ასეთი მოწყობილობა ძალზე მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათთვის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. საქართველოში CGM 1,3 ათასზე მეტ ბავშვს სჭირდება.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს CGM-ის გამოსაყენებლად სმარტფონებსაც გადასცემს. მათი მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს, ასევე ოჯახებს, სადაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 18 წლამდე ასაკის ორი ან მეტი ბენეფიციარი.
როგორ დავწვათ მუცლის ცხიმი: ოთხი მარტივი და აუცილებელი ნაბიჯი >>
პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვებს Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა გადაეცემა. CGM სისტემა სისხლში გლუკოზის დონეს ყოველ 5 წუთში ზომავს და პაციენტის მობილურ პროგრამაში ასახავს. საშიში მაჩვენებლის წარმოქმნის შემთხვევაში სისტემა განგაშის სიგნალს რთავს, რაც პაციენტისთვის დახმარების დროულად აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.
აქამდე ეს მოწყობილობა იყო ხელმისაწვდომი 7 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის, მაგრამ ახლა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მე-4 თაობის სისტემების გაცემა ექიმის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე უკვე 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაიწყო.
2023 წლის ივნისიდან ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებსა და მედიკამენტებს ერთდროულად იღებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში.
2023 წელს დარეგულირდა ინსულინის მარაგების გაცემის წესიც, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები, არანაკლებ 3 - თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა; დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარები შეუძლიათ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ.
დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა.