ქადაგიშვილი: ოპოზიციას 100 ათასი ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეს

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგში დიდი სხვაობით ლიდერობს
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლების შეცვლაზე, მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება არ აწყენდათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და სულ მცირე, 100.000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი სპეკულაცია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, პოლიტიკური პარტიების ცხოვრება არ უნდა ეწყობოდეს ვიწრო, დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების ეგოიზმზე.
„პირიქით, ორიენტაცია უნდა ხდებოდეს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ თავიანთი სოლიდურობით სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
კალაძე: ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევას არ გეგმავს >>
ჩატარებული გამოკითხვებით, დღეს 5%-იანი ბარიერის გადალახვას და პარლამენტში მოხვედრას შეძლებს ორი პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
უპრეცედენტო მხარდაჭერა: „ქართული ოცნების" გენმდივანი პარტიის რეიტინგით კმაყოფილია >>
GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის". გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.