თბილისი, 14 ნოემბერი -Sputnik. აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ (VOXZOGO) საქართველოში შემოვიდა, იუწყება „პირველი არხი".
იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, რომლის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კრიტიკული საჭიროებიდან გამომდინარე მედიკამენტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ოთხი ბავშვი მიიღებს. წამალს ეტაპობრივად მიიღებენ დანარჩენი ბავშვებიც.
„ძალიან გახარებული ვართ. ამდენი წლის ოცნება ასრულდა. ხვალ ჩემი შვილი პირველი ბავშვი იქნება საქართველოში, ვინც ამ მედიკამენტს გაიკეთებს, შემდეგ დანარჩენი სამი ბავშვი. 2024 წელს მედიკამენტს მიიღებს ყველა ბავშვი, ვისაც ასაკობრივად ეკუთვნის და ვისაც ესაჭიროება“, – განაცხადა ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა.
საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს შორის იქნებიან ისინი, ვისაც ზრდის ზონები ასაკის გამო ყველაზე ადრე ეხურებათ და ასევე მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.
საქართველოში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების პრობლემების შესახებ ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა აპრილში თბილისის ცენტრში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყეს და სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის აქონდროპლაზიის სამკურნალო მსოფლიოში პირველი პრეპარატის დაფინანსება მოითხოვეს.
აქონდროპლაზია უვითარდება 25 ათასიდან ერთ ბავშვს. მასმედიის ინფორმაციით, საქართველოში ეს დიაგნოზი 12 ბავშვს აქვს დასმული.
ერთ ბავშვზე პრეპარატის წლიური დოზის ღირებულება 900 ათას ლარს აღწევს. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია სრულწლოვანებამდე, ხოლო მაქსიმალური ეფექტი წამლისგან, კვლევების თანახმად, წელიწადში 1,6 სანტიმეტრით ზრდაა. პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში.