თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

კიტოვანი დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ეროვნული გვარდიის მეთაური თენგიზ კიტოვანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში კიტოვანის ახლობლები ავრცელებენ.
კიტოვანი წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.
თენგიზ კიტოვანი სსრკ-ის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე (1990 წ.) სათავეში ჩაუდგა საქართველოში შექმნილ ეროვნულ გვარდიას. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გვარდია დაშალა, კიტოვანი კი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. მან შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის“ ლიდერ ჯაბა იოსელიანთან და ექს-პრემიერ თენგიზ სიგუასთან ერთად მოაწყო გადატრიალება, რასაც მოჰყვა გამსახურდიას მმართველობის დამხობა და მისი ქვეყნიდან გაქცევა.
„ომმა მძიმე კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას" - პრემიერი სოხუმის დაცემაზე >>
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თენგიზ კიტოვანმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.
1992-1993 წლებში კიტოვანი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.